რომან კაკულია - მოსახლეობას სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს ოპონენტებს, ასეთი მოცემულობის შეცვლისთვის 2012 წელს ფაქტობრივად თავი გადადო მთელმა საქართველომ
რომან კაკულია - მოსახლეობას სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს ოპონენტებს, ასეთი მოცემულობის შეცვლისთვის 2012 წელს ფაქტობრივად თავი გადადო მთელმა საქართველომ

არავინ კითხულობს, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად, ამიტომ არავის აქვს უფლება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია სოციალურ ქსელში წერს.

რომან კაკულია 8 მარტის შეთანხმებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა როგორც ევროკავშირის მხარდაჭერა, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია, რამდენადაც, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო სიღრმისეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემები კი შემდეგია: თუ ბატონი კუბილიუსი, მიუხედავად მისდამი, პირველ რიგში, მისი თანამდებობიდან გამომდინარე პატივისცემისა, ფიქრობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დამოკიდებულია ამაზე, თუ იმ სამი ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება არის ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის რეალური ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ჩვენთან, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების სერიოზულად აღქმის თვალსაზრისით, თავად ევროკავშირის მიერ. ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, რას ფიქრობს ამაზე საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს თავის ოპონენტებს, რადგან ასეთი მოცემულობის შეცვლისათვის 2012 წელს ფაქტობრივად თავი გადადო მთელმა საქართველომ და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მოცემულობა შეცვლილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან რთულ თემასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.