რომან კაკულია მომხრეა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდეს
რომან კაკულია მომხრეა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მომხრეა, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდეს.

როგორც ჟურნალისტებს კაკულიამ განუცხადა, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი პარლამენტის სამომავლო საქმიანობისთვის მთლიანობაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ერთხელ და სამუდამოდ, ქუთაისში სიარულის მიზანშეწონილობის ამბავი უნდა გაირკვეს, რადგან ორი ამხელა შენობის შენახვა და ამხელა ხარჯის გაწევა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და ეს უნდა შეიცვალოს. შეიძლება, ქუთაისში კარგი იყოს სხვადასხვა სახის შეხვედრები ჩატარდეს, მათ შორის სესიის გახსნა და ა.შ. გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენს თავს ამხელა ხარჯის უფლება მივცეთ? თორემ, სხვა შემთხვევაში, ორივე ვარიანტს სიამოვნებით დავეთანხმებოდი”, – განაცხადა კაკულიამ.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტში პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული. უმრავლესობის ნაწილი ითხოვს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ან საერთოდ ამოიღონ, ან დოკუმენტში ქუთაისის მსგავსად, თბილისიც ჩაიწეროს.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისშია, სადაც პლენარული და რიგგარეშე სხდომები ტარდება. თბილისში მდებარე შენობაში კი, საპარლამენტო კომიტეტების სხდომები იმართება.