რომან კაკულია - მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ თემას
რომან კაკულია - მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ თემას

ფინანსთა მინისტრმა გადადგა გონივრული ნაბიჯი, რომელიც ხორბლის იმპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვის გადავადების შესახებ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„ორი ასპექტი აქვს ამ გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ განვიხილავთ, რამდენად სწორი იყო საავტომობილო გადაზიდვების შეცვალა სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებით, იდეაში, სწორი გადაწყვეტილებაა იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ამ ქვეყანაში იყო. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხორბალს რაოდენობრივის გარდა, ხარისხიც მაღალი უნდა ჰქონდეს და ამ ხარისხის გაკონტროლების საშუალებას იძლევა სწორედ დიდი პარტიების ერთიანად შემოწმება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ მოახდინოს ხორბლის მოწოდების დივერსიფიცირება. მისივე თქმით, ამ მხრივ საავტომობილო გადაზიდვების შემთხვევაში გამოიკვეთა მხოლოდ რუსეთის ხორბალაძე დამოკიდებულების მზარდი ტენდენცია.

„ეს არგუმენტი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ საუბრობდა. რაც შეეხება ავტოტრანსპორტით გადაზიდვის აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზს – ტურიზმს, ტურიზმი მართლაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ არა ერთადერთი. ამ კუთხითაც სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას აქვს სხვა კონტექსტი და კიდევ მიზანშეწონილობა მოცემულ სიტუაციაში“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სხვადასხვა სეგმენტზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც ჩართული იყო ხორბლის იმპორტის სეგმენტში.

„მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ამ თემას და გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გამოადგება როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის იმიჯს, თავად ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური შინაარსის გათვალისწინებით. ცხადია,  რეფორმის პროცესში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა დინამიკით გვიწევს, რათა არ დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და შეძლონ ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია. ეს არის გონივრული ნაბიჯი, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავ მეწარმეეებსა და მძღოლებს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.