რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, საფუძველი ჩაეყაროს ტრადიციას, რომ ყოველი წლის დასაწყისში თითოეული მინისტრი პარლამენტში ძალიან მკაფიო გზავნილებით მოვიდეს 
რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, საფუძველი ჩაეყაროს ტრადიციას, რომ ყოველი წლის დასაწყისში თითოეული მინისტრი პარლამენტში ძალიან მკაფიო გზავნილებით მოვიდეს 

მნიშვნელოვანია, საფუძველი ჩაეყაროს ტრადიციას, რომ ყოველი წლის დასაწყისში, თითოეული მინისტრი და ამ შემთხვევაში, ვინც ჩვენი კურაციის სფეროშია, ძალიან მკაფიო გზავნილებით მოვიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა დღეს უნდა წარადგინოს.

„ჩვენ ჯობია დღეს ვიკამათოთ, ვიდრე შემდეგ დეკემბერში. დეკემბერში ანგარიშის მოსმენა უნდა ეფუძნებოდეს არა ზოგად განცხადებებს, თუ რა გაკეთდა, არამედ პირდაპირი შედარება მოხდეს წლის დასაწყისში გაკეთებულ დაპირებებთან. ეს არის მენეჯმენტისა და მართვის ელემენტარული კანონები, რომელიც დაცული უნდა იყოს. მეორე მხრივ, გვინდა უფრო მეტი გარკვეულობა შემოვიტანოთ, რადგან ჩვენ გაზვიადებული დაპირებების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა წინასაარჩევნო დაპირება გარკვეულად გაზვიადებულია, რომელიც შემდეგ მთავრობას სულ თავის მართლების რეჟიმში აყენებს. თუ რატომ ვერ მოხერხდა რომელიმე დაპირების შესრულება, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრობლემა არ არის. ამის გასწორების მცდელობაა. უმუშევრობა, ქვეყანაში არსებული კონკურენცია და სიღარიბე მსჯელობის საგანი იქნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. მინისტრი სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამასთან, გიორგი ქობულია უწყების სამომავლო გეგმებსაც შეეხება.