რომან კაკულია - მნიშვნელოვანია იმ ერთი კვირის თემის გარკვევა, როდესაც ითქვა, რომ ჰესის მშენებლობაზე თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოვლენის შეფასებისას ადამიანს ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს, რომელსაც გააანალიზებს და დასკვნას გააკეთებს.
რომან კაკულიას თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ერთი კვირის თემის გარკვევა, როდესაც ითქვა, რომ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო.
„ეს იყო ილუზია შეთანხმების არსებობაზე, თუ მართლა არსებობდა შეთანხმება, რადგან პოზიციას რადიკალურად ცვლის. თუ მართლა შეთანხმება იყო, მაშინ გარკვეულ პროვოკაციაზე შეიძლება იფიქრო. თუ შეთანხმების ილუზია იყო და სინამდვილეში არ იყო, ამასაც გარკვევა სჭირდება. რაც შეეხება გახარიას მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამ ქვეყანაში თუ ვინმეს რაიმე ენატრება, არის სახელმწიფო მოხელე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს.
სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს აზრი დამკვიდრდა, რომ ძალოვანების მიერ გამოყენებული ძალა როგორც წესი ასოცირებულია უსამართლობასთან, თუმცა ამ თემას ასე ვერ მიუდგები. გასარკვევია, რა მოხდა ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ უნდა შეისწავლო, რამდენად სწორი იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს ყველაფერი დრამატულ სახეს იძენს, როცა იცი, რომელ რეგიონთან გაქვს საქმე და როგორი გამოწვევებია. დასკვნას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებ, რადგან ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.