რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა, რათა ქვეყანა მზად იყოს შემდგომი გამოწვევისთვის
რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა, რათა ქვეყანა მზად იყოს შემდგომი გამოწვევისთვის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლის საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირველი კითხვა ბიუჯეტთან დაკავშირებით ექნებათ.

კაკულიას თქმით, ხარჯები უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რისი მობილიზებაც მთავრობას შეეძლო.

ასევე, კაკულიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა პანდემიასთან მიმართებაში ზაფხულის შემდეგ, რათა ქვეყანა მზად იყოს შემდგომი გამოწვევისთვის, ამასთან გაგრძელდეს ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველი კითხვა იქნება ის, თუ ზოგადად მიმდინარე ხარჯებთან მიმართებაში რა პრინციპებით, რა ლოგიკით მოხდება ცვლილებების შეტანის შემდეგ ბიუჯეტის წარმოჩენა, რომელშიც დანახული იქნება მაქსიმალურად გამჭირვალედ, ასევე მაქსიმალურად გონივრულად, როგორც შემცირება ხარჯების, ასევე ის ხარჯები, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება, რომ ყველა სეგმენტი იქნეს დანახული, მაგრამ ხარჯები იყოს გონივრული, ანუ შესაბამისობაში იმასთან, რისი მობილიზებაც შეეძლო მთავრობას.

ასევე მნიშვნელოვანია, დავინახოთ ის ნაბიჯები, რომელიც იქნება ზაფხულის შემდეგ, რადგან მსოფლიოში არის ასეთი ტენდენციები, რომ არ არის გამორიცხული ვირუსის კიდევ ერთხელ შემობრუნება, ამ გამოწვევისთვის ქვეყანა რომ იყოს მაქსიმალურად მზად, ამასთანავე გაგრძელდეს ეკონომიკის ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მიმართულება იყო და დრამატულ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს“,- განაცხადა კაკულიამ.

გიორგი გახარია ​კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით პარლამენტში 27 მაისს წარდგება.