რომან კაკულია - კენჭისყრაზე თავი შევიკავე, მაგრამ ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ და არც არავის მხარდასაჭერად
რომან კაკულია - კენჭისყრაზე თავი შევიკავე, მაგრამ ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ და არც არავის მხარდასაჭერად

კენჭისყრაზე თავი შევიკავე, გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირე, მაგრამ ეს არ იყო არც არავის წინააღმდეგ და არც არავის მხარდასაჭერი. ერთი დეპუტატის აზრი გამოვხატე იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც ნიკა მელიას საკითხზე ჩატარებულ კენჭისყრას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მას უმრავლესობის დატოვების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია, რის თაობაზეც ინფორმაცია გავრცელდა.

„ეს ნაბიჯი არავის წინააღმდეგ და არავის მხარდასაჭერად არ გადამიდგამს. განცხადება არც უმრავლესობიდან გასვლაზე გამიკეთებია. თუ ჩემი გადაწყვეტილება გუნდისთვის პრობლემური იქნება, უხერხულობაში არავის არ ჩავაყენებ, თუმცა საუბარი ამაზე ჯერ არ ყოფილა. ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ მაქვს, ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. ეს რა განწყობას გამოიწვევს, დაველოდოთ. კითხვები დავსვი, რაზეც კვალიფიციურ პროკურორს თავისი მოსაზრებები ჰქონდა, მაგრამ დასაბუთებული ეჭვი საპარლამენტო ცხოვრებაში ახალია. თუ დასაბუთებული ეჭვის გამო ღებულობ ამ გადაწყვეტილებას, დასაბუთებულობა ძალიან სუბიექტურია. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა წარმოდგენილი. მესმის, რომ პროკურატურას მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს და პარლამენტს სასამართლოთი ვერ ჩავანაცვლებ. არ მგონია, რომ იმ საქციელს ვინმე ამართლებდეს, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა იყო. არ მგონია, საქართველოში ვინმე თვლიდეს, რომ სამართლებრივი რეაგირება ამ პროცესებს არ სჭირდება, რაც ნიკა მელიას ეკუთვნოდა. არ მგონია, რომ რაიმე პოზიციის გაგება იყოს ძნელი. თუ გუნდის რაიმე პოზიცია იქნება, არავის პრობლემას არ შევუქმნი”, – აღნიშნა კაკულიამ.

დეპუტატი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნება” საკუთარ წევრებს გენერალური პროკურატურის მოთხოვნაზე მხარდაჭერას სთხოვდა.

„მსგავსი მოთხოვნა და მუქარა არ ყოფილა. არგუმენტები ყველამ ინდივიდუალურად განიხილა. ვფიქრობ, სამომავლოდ იმუნიტეტის მოხსნის სტანდარტი მაღალი უნდა იყოს. „ქართული ოცნება” თავს რვა წელი ვიწონებდით. დასაჭერი ძალიან ბევრი ადამიანი მეგულება, მაგრამ მომწონდა, როცა სტანდარტი იყო, რომ თუ მაღალი ხარისხის მტკიცებულებები არ გვაქვს, სჯობს, ვიცოდეთ, რომ არის დანაშაული, მაგრამ არა ისე, რომ დავიჭიროთ”, – განაცხადა კაკულიამ.