რომან კაკულია - გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება, ამ ქვეყანაში რაც უნდა ეკონომიკურ ცოდნას ფლობდე, კონტექსტი უნდა იცოდე კარგად
რომან კაკულია - გიორგი ქობულიამ ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება, ამ ქვეყანაში რაც უნდა ეკონომიკურ ცოდნას ფლობდე, კონტექსტი უნდა იცოდე კარგად

გიორგი ქობულიამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება და არ მიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მომწონს ქართულ პოლიტიკაში გამონათქვამი – არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. მოდი, დაველოდოთ, ბატონი ქობულიას განცხადებას. მე არ მივიჩნევ, რომ ის ცუდი მინისტრი იყო. შესაძლებელია, უთანხმოება მასსა და პრემიერს შორის წარმოიშვა რაღაც ისეთ საკითხზე, რომელზეც იმედია, ხვალ თვითონ ისაუბრებს“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

დეპუტატის თქმით, მისთვის რაიმე მძაფრი დაპირისპირების შესახებ არ არის ცნობილი.

„გიორგი ქობულიამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო სრულყოფილ მინისტრად ჩამოყალიბება და არ მიკვირს. ამას მაინც და მაინც კრიტიკით არ ვამბობ მის მიმართ. ძალიან დიდი სამინისტროა. მისთვის ეს გარემო თავისთავად ცხადია, ცოტა უცხო იყო, რადგან ის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. მე რომ მკითხოს კაცმა, ეს თავიდან უნდა გაეთვალისწინებინა მას, ვინც ის მოიწვია, რადგან ამ ქვეყანაში კონტექსტი უნდა იცოდე ძალიან კარგად, რაც არ უნდა ეკონომიკურ ცოდნას ფლობდე და ის ფლობდა ნამდვილად, ეკონომიკა მისთვის არ იყო მეორეხარისხოვანი. ვფიქრობ კარგი ეკონომისტი იყო. მაგრამ თუ ეს დადასტურდება ხვალ, უნდა ვისაუბროთ რაღაც ტიპის უთანხმოებაზე მასსა და პრემიერს შორის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.