რომან კაკულია - გიორგი გახარიას გამოსვლის პოზიტიურად გაგება მას შეუძლია, ვინც დარწმუნებულია, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სცენარი არსებობს
რომან კაკულია - გიორგი გახარიას გამოსვლის პოზიტიურად გაგება მას შეუძლია, ვინც დარწმუნებულია, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სცენარი არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის პოზიტიურად გაგება იმ ადამიანს შეუძლია, ვინც დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სცენარი არსებობს, თუ ხელისუფლება ამ ბრძოლაშია, ცხადია, გენერლებს ბრძოლის დროს არ ცვლიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გახარიამ თქვა, რომ მისთვის ძალიან დიდი ტვირთია, რაც მოხდა, მაგრამ მზად არის, რეპუტაციული ტვირთი ატაროს, რადგან წინ საფრთხეა.

„ვისაც ამ საფრთხის სჯერა, გაგებით მოეკიდება. ვინც მიიჩნევს, რომ საფრთხე არ არსებობს და გაზვიადებულია, აქცენტს ამ პროცესის ბოლო ნაწილზე გადაიტანს, სადაც უდანაშაულო, დაზარალებული ადამიანები არსებობენ. სამწუხაროდ, ამ სცენარს ვიცნობ, შეიძლება, მტკიცებულებები ვერ წარმოვადგინო, მაგრამ ვიცი, რომ ეს სცენარი არსებობს და ის ადამიანებიც ვიცი, ვინც ამ სცენარის განხორციელებისთვის ყოველთვის მზად არიან. ასეთ დროს ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია. გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებას ის ადამიანი მიიღებს, ვინც იცის ამ სცენარის შესახებ და სჯერა, რომ აღნიშნული სცენარი არსებობს. ვისაც არ სჯერა, ის სამართლიანად კონცენტრირდება უდანაშაულოდ დაშავებულ ადამიანებზე და ამ ანალიზის შედეგად გამართლება არ ექნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.