რომან კაკულია - ძალა ერთობაში კი არის, მაგრამ ასეთ ერთობაში ძალა არ არის, ოპოზიციაში განხეთქილება ლოგიკური გაგრძელებაა პროცესებისა, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყო
რომან კაკულია - ძალა ერთობაში კი არის, მაგრამ ასეთ ერთობაში ძალა არ არის, ოპოზიციაში განხეთქილება ლოგიკური გაგრძელებაა პროცესებისა, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყო

არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ ოთხი ტიპის ძალას მივიღებთ იმ ძალისგან, რომელსაც ერთ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

„საზოგადოებას ალბათ არ შეეშლება ის, რომ ძალა ერთობაში კი არის, მაგრამ ასეთ ერთობაში ძალა არ არის. ამის დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია. არა თუ განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის, მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ამ პოლიტიკურ ძალებს შორისაც მოხდება განხეთქილება და საბოლოოდ ოთხი ტიპის ძალას მივიღებთ იმ ძალისგან, რომელსაც ერთ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რომ რისი შეწებებაც არ შეიძლება არაბუნებრივად, თავისთავად მაინც წარმოაჩენს თავის თავს“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, ოპოზიციაში განხეთქილება ლოგიკური გაგრძელებაა პროცესებისა, რომლებიც დაიწყო დიდი ხნის წინ.

„ერთმანეთისგან გამიჯვნა არის მათი ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელი იქნება, რადგან, როგორიც არ უნდა იყოს შენი დღევანდელი დამოკიდებულება მომავლის მიმართ, წარსულს აქვს მნიშვნელობა. რომ დაგიჯერო, სულ მცირე წარსული უნდა გაძლევდეს იმის საშუალებას, რომ შენი დაჯერება შეიძლებოდეს და ყველას მოუწევს, გაემიჯნოს იმ წარსულს, რომელსაც ვერსად წაიღებ. ეს მათ შემთხვევაში შეუძლებელია“, – განაცხადა რომან კაკულიამ.