რომან კაკულია დავით ჭიჭინაძეზე - კოლეგები ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებენ, თითქოს ჩვენი პოზიცია არ არსებობდეს
რომან კაკულია დავით ჭიჭინაძეზე - კოლეგები ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებენ, თითქოს ჩვენი პოზიცია არ არსებობდეს

ჩვენი კოლეგების პოზიციას პატივს ვცემ, ზოგიერთი მათგანისგან განსხვავებით, ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებენ, თითქოს ჩვენი პოზიცია არ არსებობდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.

რომან კაკულიამ უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას  დავით ჭიჭინაძის განცხადებაზე, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე რომან კაკულია შეიძლება, შეცდომაში შეიყვანეს.

“გაუგებრობას იწვევს ის თემა, რომ მე თავიდან მართლაც ვიყავი ამ კანონპროექტის ინიციატორი, თუმცა ამის შემდეგ გაიმართა ძალიან ბევრი კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან, ტელევიზიებთან. ადამიანს იმიტომ აქვს თავისუფალი ნება თავის პოზიციასთან მიმართებაში, რომ მისი ცვლილება სულაც არ ითვლება უპრინციპობად. მე ჩამოვყალიბდი ბოლოს ისე, როგორც ჩამოვყალიბდი. მაშინ, როდესაც ვუსმენდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ნამდვილად მეგონა, რომ ეს სიმართლე აბსოლუტურად უალტერნატივო იყო. არავინ არ არის ვალდებული, მყისიერად იცოდეს ყველა დეტალი და ნიუანსი. ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომი და თავიდან გასააზრებელი გახდა სწორედ იმ კონსულტაციების შემდეგ, რომელიც საკანონმდებლო პროცესის აუცილებელი ნაწილია. ყველა ადამიანის პოზიციას პატივს ვცემ, ჩემი კოლეგებისას, სხვათა შორის ზოგიერთი მათგანისგან განსხვავებით – ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებენ, თითქოს ჩვენი პოზიცია არ არსებობდეს. მე არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რაიმე უპატივცემულობა გამომეხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულ პოზიციაზეა. დღესაც ვადასტურებ პატივისცემას მათი ხედვის მიმართ და ვფიქრობ, ისინიც მომავალში ასეთი პოზიციით მიუდგებიან ამ თემას”, – განაცხადა კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონის ერთ-ერთ ინიციატორს შორის რომან კაკულიაც, იყო შემდეგ თქვა, რომ ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო და ხელმოწერა უკან გაიწვია. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ კაკულია ინიციატორთა შორის იმიტომ აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანეს.

“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი კოლეგები დავაჯეროთ, რომ ვეტო უნდა გავიზიაროთ. კანონპროექტის ინიციატორი ეკონომიკის კომიტეტი არ იყო. ეს რამოდენიმე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია იყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ბოდიშიც მოიხადა და თავის ხელმოწერაც გაიძახა. თავისი შეცდომა აღიარა. რომან კაკულიამ თქვა, რომ ამ კანონპროექტის ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო. თუ საჯაროდ არ უთქვამს, მაშინ შეგიძლიათ, კითხვა დაუსვათ და გეტყვით. ეს შიდა განხილვების დროს ითქვა. მოხდა ასეთი რაღაცა, არ უჭერდა მხარს და მთელი თავისი შინაარსით მხარს დღესაც არ უჭერს. ხელი ძალით არ მოაწერინეს. შეიძლება, თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს. ვინ შეიყვანა, ეს უკვე მას ჰკითხეთ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.