გადაცემის წინა რესპონდენტმა, ნიკა ჩიტაძემ პროგრესულებად და არაპროგრესულებად დაგვყო საზოგადოება, მე არ ტერმინს არ გამოვიყენებ, მაგრამ ვისაუბრებ, ძირითადად სად გავიყავით, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, აქ დაპირისპირების ძალიან ფართო სპექტრია, მაგრამ, აი, ჩვენ, მოქალაქეები, ძირითადად ხომ იქ გავიყავით, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში დასავლეთის მოტივაციები სხვადასხვანაირად გადავთარგმნეთ? ვართ ადამიანები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ეს მოტივაციები, სამწუხაროდ, შეიცვალა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩვენი მეგობრობის ხელშემწყობი გარემოებები აღარ იყო საკმარისი და ამიტომ, განსაკუთრებით ბოლოს, ევროკავშირის მოტივაცია იმის გამო, რომ ამ მეგობრობის ხელშემწყობი გარემოებები აღარ იყო, მათი მოტივაცია ჩვენ სხვანაირად გადავთარგმნეთ. რა მოტივაცია იყო ეს? ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა ხერხი, ყველა საშუალება გამოიყენოს რუსეთის სამომავლო შეკავებაში, უკრაინის ომში საქართველოს მიაღებინოს მონაწილეობა. ანუ, ის ყველა საშუალებას ხმარობს, რომ რუსეთი მაქსიმალურად დაასუსტოს დღეს, რადგან იმედი აქვს, რომ გახანგრძლივებული ბრძოლა, ეს გახანგრძლივებული კონფლიქტი მასში ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, რამაც შეიძლება, მისი ჩამოშლა დაიწყოს. ამის იმედი დასავლეთში არსებობს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდოდა, ვყოფილიყავით საშუალება, სუბიექტი გვინდოდა, ვყოფილიყავით და არა ობიექტი, მაგრამ არის საზოგადოება, რომელიც არ იღებს ამას. ახლა თვითონ გადაწყვიტონ ჩვენმა მსმენელებმა, ვინ არის აქ პროგრესული და ვინ არის არაპროგრესული“, – განაცხადა კაკულიამ.
როგორც კაკულიამ აღნიშნა, მას საზოგადოების სახელით საუბარი არ უყვარს და ის წარმოადგენს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც აქვს ეჭვი და ჰგონია, რომ კონკრეტულ ემოციურ ფაქტორებზე ყურადღების მიქცევის კონკრეტული დავალება სწორედ იმ ჯგუფების მიერ არის პროვოცირებული, რომლებსაც არსებული ხელისუფლება არ ეგულებათ მხარდამჭერად იმისთვის, რომ საშუალებად გამოადგეთ რუსეთთან დაპირისპირებაში.
„უბრალოდ, ახლა 100%-იანი ალბათობით არ ვისაუბრებ ამაზე, მაგრამ ეს ეჭვი რომ მქონდეს, მე ამის უფლება მაქვს. მეც მინდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრო და ამ შეხედულების უფლება, მინდა, რომ მქონდეს. იმ ადამიანებს, რომლებიც არ უშვებენ ამას, მე ხომ არ ვუწოდებ არაფერს? კი ბატონო, თუ ეს აზრი არსებობს, რომ მაგას როგორ იკადრებს ვინმე დასავლეთში, ნეტარ არიან მორწმუნენი. შენ შეიძლება, თვლი, რომ ეს ალბათობა არ შეიძლება არსებობდეს და, კი ბატონო, თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კაკულიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია გარე ძალებისგან იმართება, რომან კაკულიამ თქვა, რომ ის ამ შეფასებაში ხელისუფლებას ეთანხმება.
„მათ მხარდაჭერა, ძირითადად, დასავლეთიდან უნდათ, რომ მოიპოვონ და, ცხადია, ეჭვი ჩნდება, რომ არ აღიარებენ დასავლეთის ამ მიზანს, რომ საქართველო განხილულ იქნეს იმ სივრცედ, რომელიც გამოდგება, დავუშვათ, მათი მიზნების მიღწევაში. ამას არ უნდა განვიხილავდეთ ჩვენ, რომ დასავლეთი რაღაც ცუდი აქტორია. მათი პრაგმატული მიზნები ახლა ამას ითხოვს და მაგათ ადგილას ჩვენც, ის ისტორია რომ გაგვევლო, რაც მათ გაიარეს, შეიძლება, ასე მოვქცეულიყავით. უბრალოდ, ისინი ეძებენ ყველა საშუალებას, რუსეთთან დაპირისპირების მასშტაბი რომ გაზარდონ და ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები ამას არ აფიქსირებენ და არ აღიარებენ, უბრალოდ, ეჭვი გაგიჩნდება, კონკრეტული ფაქტებიც რომ არ გქონდეს, რომ შენ, შეიძლება, არ შეგიძლია ამ რეალობის აღიარება. რატომ არ შეგიძლია? ვის არ შეუძლია კიდევ ამ რეალობის აღიარება და ვინ არ მიდის ამ გზით? ეს არის დასავლეთის ის ძალა, განსაკუთრებით ის სახელმწიფოები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს გრძნობენ რუსეთისაგან. მე ოპოზიციურ ტელევიზიებს ხშირად ვუყურებ, რადგან მათგან განსხვავებით, მინდა, გავიგო მათი პოზიცია, რამე არ გამომრჩეს მათი მსოფლმხედველობიდან და მათი ნარატივი არის აბსოლუტურად აცდენილი ლოგიკას. დღეს ვუსმენდი მათ ერთ-ერთ ნარატივს, რომ თურმე, რადგან რუსეთმა უკან დაიხია სირიაში და რადგან ახლა, შეიძლება, ირანშიც უკან დაიხიოს, უცებ ამ სიაში პირდაპირ ჩაწერეს საქართველო. ანუ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოდანაც უკან დაიხევს თურმე. იქ თუ დაიხია და აქ დაიხია, აბა, აქ რაღა დაემართება და ამ ლოგიკით მოაზროვნე ადამიანები არიან. არადა, რომ შეხედავ, არ ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ანალიზის უნარი არ აქვთ. ეს, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ადამიანი საერთოდ, ასეა მოწყობილი, რომ როცა შენ გაქვს რაღაც მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებული, შენ იმ ფაქტებს ეძებ, რომელიც შენი მსოფლმხედველობის შეხედულებებს გიდასტურებს და რადგან ესენი მიმართული არიან, რომ ასე დაინახონ ეს მოვლენები, იმ ფაქტებს კრებენ, რომლებიც მერე მათ დაუდასტურებს თავიანთი შეხედულების სიმართლეს“, – განაცხადა კაკულიამ.
ამასთან, კაკულიამ აღნიშნა, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის ისეთი ხელშემწყობი პირობები აღარ არსებობს, როგორიც თუნდაც 7 წლის წინ იყო, რადგან ეს ყველაფერი რუსეთის ომმა შეცვალა და არა ირაკლი კობახიძის განცხადებამ.
„რუსეთის გაძლიერებამ და მისმა ახალმა სტატუსმა შეცვალა ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულება. ამის გაგება არ არის ძნელი, თუ გინდა, ობიექტურად გაიგო. ობიექტური გაგება, მესმის, რომ ფარდობითი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა მსოფლმხედველობას სხვადასხვანაირად ესმის და ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ეგ არის“, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა თითქოს სხვა არის, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების, მაგრამ ეს მაინც მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების არჩევნებია და მაინც გარკვეული ტიპის რეფერენდუმი იქნება.
