რომან კაკულია - დაგროვებითი პენსია ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია, ყველანი ერთად ვრისკავთ
დაგროვებითი პენსია ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს უსმენენ.
მისი თქმით, საზოგადოების კითხვები მათი თანხების დაცულობას, მართვასა და გათვლებს უკავშირდება.
„ოქროს სასწორით ბევრ რაღაცას სამწუხაროდ, ვერ ვწონით. ეს ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი ეკონომიკა საუკეთესო სცენარით განვითარდეს. ეს საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი პირობაა და ამიტომ ვუწოდე თავიდან საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი რისკის პროექტი. ყველანი ერთად ვრისკავთ, რადგან ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ ჩანდა. ეს რისკი გონივრულია, მაგრამ ამ რისკზე ყველანი ერთად მივდივართ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.