რომან კაკულია - ანაკლიის პორტს არ აქვს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა, პროექტის გამოწვევა არის მისი კონკურენტუნარიანობა
რომან კაკულია - ანაკლიის პორტს არ აქვს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა, პროექტის გამოწვევა არის მისი კონკურენტუნარიანობა

ანაკლიის პორტის პროექტს არ აქვს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა, პროექტის გამოწვევა არის მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ანაკლიასთან დაკავშირებით ახალი გზავნილები არ ყოფილა.

„ახალი გზავნილი არ ყოფილა, რაც აქამდე იყო ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, თავმოყრილია და რამე რადიკალურ ცვლილებებს ადგილი არ აქვს. მთავარი გამოწვევა, როცა პირველად დასახელდა ანაკლიის პორტი, იქ მცირე ნაღმი იყო ჩადებული, როცა მკაფიოდ უნდა განსაზღვრულიყო, თუ ეს პოტენციალი არ აქვს პორტს ფოთში, არასოდეს აღნიშნული ამბიცია არ უნდა გაჩენილიყო. უნდა გამოკვეთილიყო, რამდენად მკაფიოა კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები ანაკლიის პორტზე. ანაკლიის პორტს დღეს თუ რამე გამოწვევა აქვს, ეს არის მისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. მას არ აქვს მთავრობის მხარდაჭერის პრობლემა. მისი ვალდებულებაა, ყველა პოტენციური ინვესტორი დაარწმუნოს, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი, სიცოცხლისუნარიანი პროექტი, სხვა შემთხვევაში, გამოგონილი იქნება ხელოვნური სახის ბარიერების შექმნა.

რუსეთის, ჩინეთის, ამერიკის, საქართველოს დამოკიდებულება დღეს არ ჩამოყალიბებულა, წლებია, გასაგებია ყველას პოზიცია. ეს არ არის ახალი გზავნილი, სტაბილური გზავნილია ამერიკის მხრიდან, რომელიც რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე საუბრობს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატის შეფასებით, მთავრობას შეუძლია, თავის მხარდაჭერაში მკაფიო იყოს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის ანაკლიის პორტის საბაზრო კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით.

„ამ საკითხზე ეჭვები არ მაქვს, მაგრამ გამოწვევად სწორედ ეს მიმაჩნია და არა, სამთავრობო მხარდაჭერა“, – განაცხადა კაკულიამ.

დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს. საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივების თხოვნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიმართა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.

პორტის პროექტზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც ისაუბრა. პომპეოს განცხადებით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.