სამწუხაროა, რომ ბატონი კუბილიუსი, ერთი მხრივ, ევროკავშირის თანხებს გამოყოფს, რათა განეიტრალდეს რუსული პროპაგანდა საქართველოში და, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პრორუსული განწყობები გაძლიერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
კაკულია ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა როგორც ევროკავშირის მხარდაჭერა, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია, რამდენადაც, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო სიღრმისეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემები კი შემდეგია: თუ ბატონი კუბილიუსი, მიუხედავად მისდამი, პირველ რიგში, მისი თანამდებობიდან გამომდინარე პატივისცემისა, ფიქრობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დამოკიდებულია ამაზე, თუ იმ სამი ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება არის ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის რეალური ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ჩვენთან, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების სერიოზულად აღქმის თვალსაზრისით, თავად ევროკავშირის მიერ. ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, რას ფიქრობს ამაზე საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს თავის ოპონენტებს, რადგან ასეთი მოცემულობის შეცვლისათვის 2012 წელს ფაქტობრივად თავი გადადო მთელმა საქართველომ და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მოცემულობა შეცვლილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან რთულ თემასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, ანდრიუს კუბილიუსი პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლია, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ეს რომ განვმარტო, მაშინ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი უნდა განვმარტო, რას ნიშნავს პროპაგანდა, ყოველთვის აღიქვამს არსებულ ფაქტებს კონტექსტის გარეშე ან უფრო წინ თუ წავა, შეცვლილი კონტექსტით. ერთადერთი მხარე, ვინც ამ კონკრეტულ ფაქტს კონტექსტის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს და განიხილავს მას სწორედ კონტექსტის გათვალისწინებით, არის საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ყველაზე საინტერესო მისი პოზიციაა. მხოლოდ მან იცის, რა იყო 12 წელი, მხოლოდ მან იცის, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ამიტომ ეს ძალიან ნაჩქარევია. სამწუხაროა, რომ ბატონი კუბილიუსი, ერთი მხრივ, ევროკავშირის თანხებს გამოყოფს, რათა განეიტრალდეს რუსული პროპაგანდა საქართველოში და, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრორუსული განწყობები გაძლიერდეს საქართველოში, რადგან ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, აზარალებს პროევროპული ადამიანების რწმენას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული სამართლიანობის მიმართ. ამიტომ ეს არის ძალიან საგანგაშო. იმიტომ კი არა, რომ საქართველო რაღაც თანხებს ვერ მიიღებს, თუ მიიღებს და ასე შემდეგ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა სჯეროდეს, რომ ევროპა სიღრმისეულად იხედება აქ მიმდინარე პროცესებში და არა არის ზედაპირული, როგორც გითხარით, სხვადასხვა პროპაგანდისტული ხრიკების გავლენის ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი არაფერი დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ არჩევნებს და როდესაც საზოგადოება გამოხატავს თავის პოზიციას, მაინტერესებს მერე რა პოზიცია ექნებათ იმ ადამიანებს, ახლა რომ ასე თავგამოდებით ცდილობენ, პირდაპირ ვიტყვი, ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, არავითარი საფუძველი არ აქვს, არ სჯეროდეს საკუთარი გუნდის წარმომადგენლების და დაუჯეროს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც სიტყვითა და ქმედებებით მანიპულირება ჩვეულებრივი თემაა.
„როგორც ვიცი, შეთანხმებისა და მოლაპარაკების მთავარი თემა იყო სწორედ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. დღესაც თანახმაა ხელისუფლება, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად ახლა ამ სამი ადამიანის მიმართ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ზოგადად საზოგადოებასა თუ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, ვიმეორებ, ამას საბოლოო ჯამში ჩვენ გავარკვევთ არჩევნებზე. გადამწყვეტი იქნება საზოგადოების აზრი, სხვა ვერაფერი განმუხტავს ამ სიტუაციას. საზოგადოებამ უნდა თქვას. ახლა სახლში დარჩენა, იმიტომ, რომ გულგატეხილი ვარ და არ მივალ არჩევნებზე, არის მართლა ღალატის ტოლფასი. ადამიანები უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, თუნდაც არავის თუ არ უჭერენ მხარს, ესეც უნდა გამოხატონ, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ჩვენი კულტურული გარემო, რას მიიჩნევს და რას არ მიიჩნევს პოლიტიკურ ზეწოლად და როგორი აღქმა გვაქვს ზოგადად პოლიტიკური პროცესების. თუ საზოგადოებამ არ თქვა ეს ხმამაღლა, უკვე ძალიან ცუდად არის შეკრული წრე, რადგან ახლა ყველა, ვინც მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათი მოტივაციები პრინციპში გასაგებია. ეს არის დამოუკიდებლობის აბსოლუტური არქონა, აბსოლიტური დამოკიდებულება იმ ტენდენციებზე, რომელსაც შორს მიმავალი გზები აქვს და ამის შეჩერება მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია არჩევნებზე თავისი დამოკიდებულების გამოხატვით“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება, თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა, ის ადამიანები კი, რომლებიც სიტუაციაში არ არიან ჩახედულნი, ამ ინფორმაციის მიმართ მოწყვლადნი არიან.
„როგორც ჩანს, საკმაოდ სიღრმისეულია ის ფესვები, რომლებიც თავის დროზე იყო გაბმული „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, თუნდაც ევროპაში, შესაძლებელია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთანაც, რომელთან მიმართაც ხდებოდა დამტკიცება, რომ მხოლოდ ისინი არიან მათი გეგმებისა და მიზნების ყოველგვარი კორექტირების გარეშე შემსრულებლები და განმახორციელებლები, ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მაშინვე, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი ხდებოდა ამ შხამის ჩაწვეთება, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და, სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც სიღრმეებში არ ჩადიან, არიან მოწყვლადი ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმართ, ამიტომ ამას, როგორც წესი, აჩერებს საზოგადოების რეაქცია. ამას სხვა ვერაფერი აჩერებს, ვერც ლობისტური კომპანიები უშველიან. კონტექსტი ეს სამი ადამიანი არის თუ არა პოლიტპატიმარი, იცის მხოლოდ საზოგადოებამ და სხვათა შორის, არ იციან ახალგაზრდებმა, იმათ, ვისაც არ ახსოვთ 12 წელი და ის მოვლენები, რომლებიც 12 წელში ვითარდებოდა და სხვათა შორის, შეგნებულად ხდება, ჩემი აზრით, ახალგაზრდების იმ ნაწილის ჩართვა პოლიტიკაში ოპოზიციის მხრიდან. მათ მეხსიერება არ აქვთ და შეუძლიათ, მოწყვლადები იყონ ამ ინფორმაციის მიმართ. კონტექსტი ვისაც ახსოვს, უმრავლესობაშია ეს საზოგადოება. მათ უნდა გააკეთონ სწორი დასკვნები, რას ნიშნავს კუბილიუსის წერილი, რა ძალები არიან მასთან ურთიერთობაში საბოლოო ჯამში, ამას რა მიზანი აქვს. ამას საზოგადოება თუ ვერ მიხვდება, ის დაისჯება შესაბამისად, ამიტომ ყველა ადამიანის ვალდებულებაა, გაიაზროს, მოვიდეს და თქვას, მიუხედავად იმისა, რა დონის პრეტენზიებიც არ უნდა არსებობდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც შეიძლება, ლეგიტიმურია და არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა სასწორზე სულ სხვა რამ დევს, ჩვენი დამოუკიდებლობა დევს. ახლა მე რომ ერთი წუთით წარმოვიდგინო, რომ ახლა კუბილიუსის განცხადების საფუძველზე ეს სამი ადამიანი განთავისუფლდება, მიუხედავად იმისა, რომ არავის ვუსურვებ ციხეში ყოფნას, ეს რომ მოხდეს, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორც ჩანს, არასდროს შედგება“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.