რომან გოცირიძე - რას ჰქვია, არ აპირებენ პარლამენტის სხდომის გახსნას, ეს არის ჩვენი მოქალაქეების აბუჩად აგდება და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა
რომან გოცირიძე - რას ჰქვია, არ აპირებენ პარლამენტის სხდომის გახსნას, ეს არის ჩვენი მოქალაქეების აბუჩად აგდება და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა

რას ჰქვია, არ აპირებენ პარლამენტის სხდომის გახსნას, ეს არის ჩვენი მოქალაქეების აბუჩად აგდება და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„აქ, თქვენს გადაცემაში მეორე კომენტარი იყო, თურმე როგორ დააკმაყოფილა პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც მთავრობა არის ერთი პარტიის, პარლამენტი არის იგივე პარტიის და პრეზიდენტიც არის იგივე პარტიის, ოღონდ, ხანდახან იბუტება, ხანდახან გამონათებები აქვს და კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ საკმარისი რაოდენობის ხმები მოვაგროვეთ და მივმართეთ პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით ჩვენი მიმართვა დაეკმაყოფილებინა, სწორედაც რომ დეპოლარიზაციისთვის და სწორედაც იმიტომ, რომ კონსტიტუცია, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, ამას ითვალისწინებს. ის სწორედაც „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიღებული. რადგან შეუძლებელია, რომელიმე კანონი მათ გარეშე მიიღო, ამიტომ ჰქვია მათ უმრავლესობა და ახლა რაღაც ხრიკებით, ფარული ინტრიგებით აპირებენ მუშაობის ჩაშლას“, – განაცხადა გოცირიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემდგომი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ სხდომა ჩაიშლება, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ სხდომა აუცილებლად უნდა გაიხსნას.

„თუ სხდომა არ შედგება, ან ბოიკოტი უნდა გამოაცხადონ, ან სხვა კანონიერი გზით უნდა მოიქცნენ. კანონიერ გზას ვასწავლი მათ – გამოაცხადონ ბოიკოტი, ოღონდ ეს იქნება ძალიან სასაცილო, როდესაც უმრავლესობა ბოიკოტს აცხადებს, ან გააკეთონ ასე ვთქვათ, ტექნიკური ბოიკოტი, ნახევარი მოვიდეს, ან საერთოდ არავინ არ მოვიდეს. არც ის გამიკვირდება, ბოქლომი რომ დაადონ. თუ მათ ეს ჩაიდინეს, ეს არის კანონის დარღვევა და ამას დაინახავს ამომრჩეველი. ისინი ამით ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან, რადგან სწორედ ეს არის დეპოლარიზაციისა და განხეთქილების გაღრმავება. ეს არის ჯიბრზე წასვლა და ამას დაინახავენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები“, – განაცხადა გოცირიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ამბობს ოპოზიციის ნაწილი უარს სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე მაშინ, როცა მასში ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია ოპოზიციის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სახალხო დამცველის მოადგილე და იღებს თუ არა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ როცა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებაზე მუშაობა მიმდინარეობს, ის ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე უარს ამბობს, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილის გარეშე ყველაფერს ასრულებს, ოპოზიციის ამ ნაწილის მონაწილეობით ის არის შესასრულებელი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, რომ სამშაბათს გამოვიდეს, ანუ კონსტიტუციაში შესწორების მეორე და მესამე მოსმენით მიღება.

„თავად აღიარებენ, რომ ჩვენ გარეშე რომელიღაც პუნქტს ვერ შეასრულებენ, ერთ-ერთს ან ნახევარს. ჰოდა, ახლა კეთილი ინებონ, დასხდნენ და შეასრულონ ეს, მაგრამ არავის არ აქვს იმედი. თქვენ ამას ნახავთ, დეკემბერი რომ მოვა, როგორ იქნება გათამაშებული ე.წ. ტრიუკები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.