„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უწოდებს „ძალიან მძიმე განცხადებას“. მისი თქმით, ტექსტში პირდაპირ არის მოწოდება, რომ საქართველოში ფაქტობრივად არსებობს პოლიტიკური რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, მიკერძოებული სასამართლო და მიკერძოებული პროკურატურა.
„მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ ამ სისტემის რეფორმირება მოხდეს. რაც შეეხება სასამართლოს შესახებ ორიოდე თბილ სიტყვას ზრდილობისთვის, რომ მეოთხე ტალღის რეფორმები მისასალმებელია, ბუნებრივია, ყველა მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმას. მაგრამ რეფორმის შედეგად რა მივიღეთ? მივიღეთ მორჩილი სასამართლო. უზენაეს სასამართლოში დასვეს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე და ესეც ამ განცხადების ერთ-ერთი ნაწილია. როდესაც ჯალათები პროკურორების მოსამართლეებად გადაიქცევიან და როდესაც ლიდერებზე პოლიტიკური დევნა მიდის, დაპატიმრებები გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს ამ ტექსტშია ასახული.
ხელისუფლების თავზე ძალიან მძიმე ღრუბელი ჩამოწვა. ჩვენი ყველა პარტნიორი და სერიოზული საერთაშორისო გამოცემები დღე არ გავა, რომ კრიტიკულად არ მოიხსენიებდნენ საქართველოს ხელისუფლებას“, – აცხადებს გოცირიძე.
რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე.
„ეს საინვესტიციო კლიმატისა და ეკონიმიკური მდგომარეობის გაუარესებაზე აისახება. არ არის გამორიცხული, უფრო მკაცრი ტონით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას და იფიქრონ სანქციებზეც კი. თუკი ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა, ძალიან მწვავე პროცესები იქნება და არჩევნებამდე ეს ხელისუფლება ჩამოშლილი მივა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.