რომან გოცირიძე - ხელისუფლებას არ უნდა, ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში შემოვიდნენ
ხელისუფლებას არ უნდა, ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკაში შემოვიდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, რაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური რეპრესიებია.
„ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაუყადაღეს ყველა ანგარიში, ფაქტობრივად, ისინი დარჩნენ იმ ფულით, რომელიც მათ აქვთ ჯიბეში. ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის, რომ მათ არ უნდათ, რომ ეს ადამიანები შემოვიდნენ პოლიტიკაში. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა, რეპრესია. ეს არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ხელის შეშლა.
მთლიანობაში, ხაზარაძე-ჯაფარიძის თემა დაკავშირებულია მათ პოლიტიკურ აქტიურობასთან და ანაკლიის პორტთან. ანაკლიის პორტი არის მკვდარი, დამთავრდა. ამ ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, ძალიან დავაგვიანეთ.
აგერ, რუსეთი უკვე ქერჩთან ღრმაწყლოვან პორტს აკეთებს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტიურობას, ბუნებრივია, ფინანსების გარეშე ძალიან ძნელი იქნება და ყველანაირად შეეცდება ხელისუფლება, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაიმე კაპიტალი აქვს – ფინანსური, სოციალური და პირადი ავტორიტეტი, არ დაუშვას არჩევნებში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.