რომან გოცირიძე – ხელისუფლებას არ მივანიჭებთ სიამოვნებას, რომ არნახული თაღლითობა შერჩეს

16:19, 14.11.2019

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩავარდა და თურმე ეს ბიძინა ივანიშვილის თაღლითობის შედეგი კი არა, ოპოზიციის ბრალია. ამას საქართველოში არც ერთი ადამიანი არ დაიჯერებს, ერი გამოფხიზლდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძემ მედიასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადავა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმას. ქუჩაში გადავა პროცესი და ხელისუფლებას არ მივანიჭებთ სიამოვნებას, რომ ასეთი უზარმაზარი, არნახული თაღლითობა შერჩეს. იქნება ძალიან მძლავრი პროტესტი, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას ყველა პარტია, საზოგადოების ყველა ფენა. ივანიშვილს მოკავშირეც კი არ დარჩა, მისი სატელიტი პარტიებიც აღშფოთებულები არიან, საკუთარი გუნდი ჩამოეშალა“,- აღნიშნა გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძემ ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ გამოთქმულ ვერსიაზე, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი და პროცესი მთლიანად ქუჩაში გადავიდეს, განაცხადა, რომ მმართველ გუნდს პარლამენტის დატოვების სიამოვნებას არ მიანიჭებენ.

„რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებთ. ამ პარლამენტის ტრიბუნიდან მოხდა გავრილოვის გაპანღურება. გავრილოვის ღამემ გამოიწვია ივანიშვილის ხელისუფლების მხილება, პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება აქედან. სწორედ ამ პარლამენტის შედეგად მიიღო საზოგადოებამ ის პროცესები, რომელსაც ვხედავთ. რომ არა პარლამენტი და ეს პროცესები, ვიღაცას შეიძლება, გულუბრყვილოდ კიდევ ჰქონოდა ივანიშვილის იმედი და მისი ტყუილების დაჯერების მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. მორჩა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისტორიას ჩაბარდა. ივანიშვილს ჰქონდა ორი შანსი.ერთი, რომ ყოფილიყო მომავალში ოპოზიციაში ან მომავალში ყოფილიყო პოლიტიკურ მოუსავლეთში.ივანიშვილი დამთავრდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  

მსგავსი