რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ ლარი მიუშვა და არავინ იცის, გაჩერდება თუ არა
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, თუ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ზომები სასწრაფოდ არ მიიღეს, როგორც კი ლარის ნიშნული სამს გადაცდება, ფსიქოლოგიური ბარიერი მოირღვევა და ლარის გაუფასურების შეჩერება შეუძლებელი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, დოლართან მიმართებით ლარი 3-ის ნიშნულზე ავიდა, რაც კატასტროფულია ბიზნესისა და თითოეული მოქალაქისთვის და ამას გავლენა ფასების ზრდაზე ექნება.
მისი თქმით, ხელისუფლების უმოქმედობა დიდ ეჭვებს იწვევს, რადგან წარმოუდგენელია, ასეთი მძიმე პროცესი მიმდინარეობდეს და ეროვნული ბანკი და მთავრობა არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.
„ქვეყანაში გადაწყვეტილების მექანიზმი მოშლილია. სანამ ბიძინა ივანიშვილს არ გააღვიძებენ და არ ჰკითხავენ, განახორციელოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია და მთავრობამ დააკორექტიროს ბიუჯეტი, მანამდე ვერაფერს ბედავენ. ელემენტარული ნაბიჯებია გადასადგმელი. ლარის ამ ზომის გაუფასურების შემთხვევაში, სერიოზული ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, ხელისუფლებამ კი, ლარი მიუშვა და არავინ იცის, გაჩერდება თუ არა. ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უნდა გაამკაცროს, ხოლო მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოახდინოს. დღეს ლარი არაფორმალური მმართველობის ხაფანგში იმყოფება“, – განაცხადა გოცირიძემ.