რომან გოცირიძე - ერთი მილიონი ლარი რა გახდა, რომ შეიძინონ პირბადეები და დაურიგონ სოციალურად დაუცველებს
ერთი მილიონი ლარი რა გახდა, რომ შეიძინონ პირბადეები და დაურიგონ სოციალურად დაუცველებს, – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძემ კომენტარი გააკეთა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმის დაწესებაზე. მისი თქმით, ჯარიმა ადამიანების შემოსავლის ადეკვატური უნდა იყოს.
„ჯარიმები თუ არ იქნება, კანონს არავინ დაიცავს. ჯარიმა ადეკვატური უნდა იყოს იმ ვითარებისა და შემოსავლების, რაც მოქალაქეებს აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თავის მართლება დაიწყო სუბსიდირებულ პირბადეებთან დაკავშირებით, ნახეთ აფთიაქებში, ძალიან ძვირია პირბადეები. ერთი ლარი და 50 თეთრი ღირს. ხუთი მილიარდი ლარი ისესხეს, სახელმწიფო ბიუჯეტი გვეღირსება, შემოვა და ვნახავთ სუბსიდირებელ ყველაფერს, მათ შორის, საკუთარ სამშენებლო კომპანიებს. ერთი მილიონი ლარი რა გახდა, რომ შეიძინონ პირბადეები და დაურიგონ სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს, ვისაც მისი ყიდვის საშუალება არ აქვს.
საჭიროა სიფრთხილე და ზომიერი ჯარიმები, მაგრამ ამავე დროს, საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, მოსახლეობის იმ ნაწილის აღჭურვა, ვისაც მისი შეძენა არ შეუძლია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.