რომან გოცირიძე - ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ ვესწრებით პარლამენტის სხდომებს, ხვალ არის ასეთი სერიოზული საკითხი, რომლის გასვლაც დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის მიუხედავად, მისი ფრაქცია ხვალ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრება.
ფრაქცია ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მიენიჭება.
„როგორც ჩვენ განვაცხადეთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვესწრებით პარლამენტის სხდომას. ხვალ არის სერიოზული საკითხი და ფაქტობრივად, მისი გასვლა პარლამენტში სერიოზულად დააზიანებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. მთავრობას ხელში ვუგდებთ განუსაზღვრელ რეპრესიულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს ძალიან ბოროტად. გარდა ამისა, ამ კანონპროექტის ერთი ნაწილი არის არაკონსტიტუციურიც, იზღუდება ადამიანის უფლებები. ძალიან ბევრი შეზღუდვა, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის შრომის უფლების და ა.შ. შეიძლება, საქართველოს კონსტიტუციით შეიზღუდოს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ უფლებების დელეგირება მთავრობისათვის არის დაუშვებელი და ანტიკონსტიტუციური“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.