ამერიკა ეხმარება სახელმწიფოს და არა მთავრობას, – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
გოცირიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებაზე, სადაც კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.
„სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით. ეს აშშ-ის სტრატეგიული პოზიციაა და საქართველოს მთავრობა სპეკულირებას ნუ ეწევა, თითქოს, მათი რაღაც დამსახურება იყოს ამაში, ისევე, როგორც ეწევიან სპეკულირებას, თითქოს, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15 პროცენტით. ანუ, მის გაყინვას – 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დოკუმენტი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის – სხვა.
თავისთავად, საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ძალიან კარგი და მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული მეორე დოკუმენტიც, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ქვეყანაში თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და არ იქნება დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანას 20 მილიონი დოლარი გაეყინება. არავის არ უხარია ჩვენი თავდაცვის განვითარებისთვის ფულის დაკლება. ძალიან გაგვიხარდება, თუ მთავრობა ამ ვალდებულებას შეასრულებს და დროულად შეწყვეტს იმ უმსგავსობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ჰქვია საკონსტიტუციო შტოების უზურპირება ერთი ადამიანის მიერ.
მეორე დოკუმენტი კვლავ არის ძალაში და იგი განხილული იქნება ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებისას. ერთი დოკუმენტიდან თუ რაღაცები იქნა ამოღებული, მაგრამ იგივე რანგის მეორე დოკუმენტში არის, ეს არ აძლევს მთავრობას სიხარულის და ტაშის შემოკვრის საფუძველს. ამერიკა ეხმარება სახელმწიფოს და არა მთავრობას. საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა, სადაც სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო განვითარებისთვის, ასევე, რეგიონში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. მისასალმებელია, რომ სამხედრო ავტორიზაციის აქტით კიდეც ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, – აცხადებს რომან გოცირიძე.