რომან ფიფია - „დინამო“ ახალგაზრდების ხელშეწყობას მომავალ წელსაც გააგრძელებს
რომან ფიფიამ საახალწლო მილოცვა გაავრცელა, სადაც გუნდის განვითარების სამომავლო ტენდენციებზე საუბრობს. თბილისის „დინამოს“ მეპატრონისა და პრეზიდენტის თქმით, საკადრო სტრატეგიის შეცვლას არც 2018 წელს აპირებს და აქცენტს ისევ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს.
„მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა დინამოელს და განსაკუთრებით, აკადემიის აღსაზრდელებს. გასული წელი გამორჩეულად წარმატებული იყო ჩვენი ახალგაზრდებისთვის – „დინამოს“ ასაკობრივი გუნდები, ფაქტობრივად, ყველა ასაკში ჩემპიონები გახდნენ, ხოლო საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში 62-მა დინამოელმა ითამაშა. სოლიდურად ჩაატარა სეზონი ჩვენმა მთავარმა გუნდმაც. აკადემიიდან დაწინაურებულმა მოთამაშეებმა ამაშიც დიდი წვლილი შეიტანეს. რომ არა უიღბლობა, ისინიც ოქროს მედლებით დაიმშვენებდნენ მკერდს. აღებული გეზი უცვლელია, „დინამო“ ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას და მათ ხელშეწყობას მომავალ წელსაც გააგრძელებს“, – აცხადებს რომან ფიფია.