რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას ალესიო დი კირიკოსთან 6 ივნისს გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT
რომან დოლიძემ MMA-ის პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი 21 მაისს ტრევინ ჯაელსთან განიცადა. ბრძოლა დაძაბულად წარიმართა და მას შემდეგ, რაც ბრიუს ბაფერმა გამარჯვებულად ამერიკელი გამოაცხადა, დოლიძემ გაკვირვება ვერ დამალა. რომანთან საუბრის შემდეგ ჩვენ გავარკვიეთ, რომ ბათუმელი მებრძოლი მსაჯების გადაწყვეტილებას კვლავ უსამართლოდ მიიჩნევს, თუმცა შეჩერებას არ აპირებს.
რომანის მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქის ვინაობა ცნობილია. დოლიძე 6 ივნისს საშუალო წონით დივიზიონში ალესიო დი კირიკოს დაუპირისპირდება. 31 წლის იტალიელს MMA-ის კარიერაში 13 გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს. ბოლო ბრძოლა მან საკმაოდ ძლიერ ხუაკინ ბაკლის ეფექტური ნოკაუტით მოუგო.
ჩვენ რომანს დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
მომდევნო ბრძოლა მალევე ჩაგენიშნა. შენი მეტოქე იტალიელი დი კირიკოა. რას იტყოდი შენს მეტოქეზე? რას უნდა მიაქციო ყურადღება ყველაზე მეტად მასთან ბრძოლისას?
დიახ, შეჩერებას არ ვაპირებ და როგორც აღნიშნეთ, მალევე ჩამენიშნა მომდევნო ბრძოლა. დი კირიკო ძალიან კარგი და ძლიერი მებრძოლია. მის არსენალში საკმაოდ ბევრი სახიფათო იარაღია, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციო, თუმცა აქვე გეტყვით, რომ UFC-ში იოლი მეტოქე არ არსებობს. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვარ.
ბოლო ბრძოლაში დი კირიკომ ხუაკინ ბაკლის სძლია. ის დაპირისპირებამდე საგრძნობი აუტსაიდერი იყო. მოელოდი თუ არა მის გამარჯვებას ბაკლისთან?
დაგეთანხმებით, ბოლო ბრძოლა მან ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ეს ჩემთვის ძალიან დადებითი ფაქტია, რადგან მასთან მოგება კარგ პოზიციაში ჩამაყენებს.
ტრევინ ჯაელსთან ბრძოლის შემდეგ რა დასკვნები გამოიტანე? რაზე ფიქრობ, რომ უფრო მეტი გაქვს სამუშაო?
არასდროს მიფიქრია, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე, სრულყოფილად ვიცი. ყოველ დღე დაუღალავად ვშრომობ, რომ უკეთეს ფორმაში ჩავდგე. საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ცვლილებებიც გვაქვს. გუნდში ახალი მწვრთნელი შემოგვემატა, ამიტომ ბევრი ნიუანსი შეიცვლება.