თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იკრიბებიან.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციისთვის, რომელიც 18:00 საათისთვის არის ჩანიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სცენას და ტექნიკურ აღჭურვილობას ამზადებენ.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ არიან, პარტიის სამეგრელოს ოფისის წარმომადგენლები, მათ შორის სამეგრელოს ყოფილი გამგებელი, სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია.
როგორც როლანდ ახალაია აცხადებს, დღეს პროკურატურა არის ისეთი, როგორიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
„ეს ხელისუფლება უდნა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და თავის ბანდიტი მეთაური უნდა წავიდეს სახლში, ვუთანაგრძნობ დაღუპული შვილების მამას. ჩემი ოჯახის წევრიც არის დაღუპული ამ ხელისუფლების შედეგად. პროკურატურა როგორიც დღეს არის საქართველოში, ასეთი ისტორიაში არ ყოფილა. ვგმობ ძალადობას“, – განაცხადა ახალაიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისი მმართველობის დროსაც პროკურატურის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, როლანდ ახალაია აცხადებს, რომ „კითხვები მაშინ უნდა დაესვათ“.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხათუნა ოჩიაური აცხადებს, უერთდება ზაზა სარალიძის მოთხოვნებს.
„შეერთებული ვიყავი ამ აქციას ყოველთვის, ვუერთდები ზაზა სარალიძეს და მის მოთხოვნებს. პოლიტიკური პარტიებიც მოქალაქეები არიან და სახელმწიფო მანქანის მცდელობა, რომ დააკომპლექსოს ხალხი პოლიტიკური პარტიებით, ასე თუ ისე წარმატებულად ჩატარდა და ხალხს გაუჩნდა კომპლექსები. თუმცა ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც გვამებზე სპეკულაციებით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომ მათგან ვერაფრით ვერ მივიღებ ამ შენიშვნას”, – განაცხადა ოჩიაურმა.