საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ტურნირზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის თარიღი გამოაცხადეს და დაასახელეს ტრიბუნებზე მაყურებლების დაშვების პირობები.
როგორც „როლან გაროსის“ პრესსამახური იტყობინება, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 16 ივლისიდან. მატჩების დროს, ტრიბუნები 50-60 პროცენტით იქნება შევსებული.
თუ სექტემბრის დასაწყისში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია გაუმჯობესდება, შესაძლოა, გასაყიდად ბილეთების უფრო მეტი რაოდენობა გამოიტანონ.
აღნიშნავენ, რომ როლან გაროსის კომპლექსის მთავარ კორტებზე მაქსიმუმ ოთხი ადამიანის ერთად ჯდომა იქნება შესაძლებელი. და ამ ჯგუფებს შორის, მინიმუმ ერთი ცარიელი ადგილი უნდა რჩებოდეს. დანარჩენ კორტებზე გულშემატკივრები ერთის გამოკლებით უნდა ისხდნენ.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადატანილი როლან გაროსი 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე გაიმართება.