როლან გაროსის საპრიზო ფონდმა 42 მილიონს მიაღწია
როლან გაროსის საპრიზო ფონდმა 42 მილიონს მიაღწია

დიდი სლემის რიგით მეორე ტურნირის, როლან გაროსის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლითაც ვიგებთ, რომ რვა პროცენტით გაიზარდა ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი – ორი თვის შემდეგ, ჩოგბურთელები 42.66 მილიონ ევროს გაითამაშებენ.

ფრანგულმა ტურნირმა მხარი დაუჭირა სხვა დიდი სლემების ტენდენციას და მაქსიმალურად გაზარდა საპრიზო თანხა პირველი რაუნდის მონაწილეებისთვის. ამ სეზონში პირველ წრეში წაგებული 46 ათას ევროს მიიღებს, რაც 15 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით.

ტურნირის გამარჯვებული მიიღებს 2.3 მილიონ ევროს, ფინალისტი – 1.8 მილიონ ევროს.

უკმაყოფილონი არ დარჩებიან კვალიფიკაციის მონაწილეები – პირველი რაუნდში გამოსვლა შვიდი ათასი ღირს, მეორეში – 12 250 და მესამეში – 24 ათასი. ევრო
წყვილებში მოგებულები 580 ათას ევროს გამოიმუშავებენ, ფინალისტებს ერგებათ – 290 ათასი. მიქსტში მოგება 122 ათას ევროდ ფასდება.

ამ ცვლილების შემდეგ, როლან გაროსმა საპრიზო ფონდის ოდენობით გაუსწრო “დიდი სლემის” ორ ტურნირს – უიმბლდონსა (39.4 მილიონი) და ავსტრალიის ღიას (37.1). უფრო მეტს მხოლოდ აშშ-ის ღიაზე იხდიან – 46.6 მილიონი ევრო.

მოთამაშეები ნებისმიერი მიღებული თანხის 30 პროცენტს დატოვებენ პარიზში გადასახადის სახით. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია “დიდი სლემის” ტურნირებს შორის.
წელს, როლან გაროსი 24 მაისს დაიწყება.