მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის მეორე წრეც იოლად გაიარა. სერბი სლოვაკ ალექს მოლჩანს ხვდებოდა, რომელმაც ამ სეზონში გრუნტის ორი ტურნირის ფინალში გააღწია – მარაკეშსა და ლიონში.
პირველ ორ სეტში ჯოკოვიჩმა ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა მეტოქე, თავად კი სამი ბრეიკი შეასრულა. მესამე სეტშიც ნოვაკი ნაადრევი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მოლჩანმა იქვე მოულოდნელად უკუბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს – მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა ერთადერთი ბრეიკპოინტი, რომელიც ვერ გამოიყენა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც რეიტინგის ლიდერი დამაჯერებელი იყო. საბოლოოდ, ნოვაკმა ორ საათსა და 18 წუთში მოიგო – 6:2, 6:3, 7:6(4).
მესამე წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე სლოვენიელი ალიაჟ ბედენე იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს.