როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირის მეორე სათამაშო დღეს მთავარი მატჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმსა და ხორვატ მარინ ჩილიჩს შორის იმართებოდა.
ტიმი ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა, როლან გაროსზე კი ბოლო ორ გათამაშებაში ფინალისტი იყო და ორივეჯერ რაფაელ ნადალთან წააგო.
ავსტრიელმა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ტიტულისთვის ბრძოლა სამსეტიანი მოგებით დაიწყო – 6:4, 6:3, 6:3. შეხვედრა ორი საათი და რვა წუთი გრძელდებოდა.
ჩილიჩი მაქსიმალურად ცდილობდა ბრძოლას, მესამე სეტში ბრეიკით იგებდა, შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორი ბრეიკი შეასრულა. მაგრამ ტიმი გაცილებით დამაჯერებელი იყო. მას დაეხმარა მეტოქის 43 „უნებლიე“ შეცდომა, ასევე მაქსიმალურად აკურატული თამაში (მხოლოდ 21 შეცდომა დაუშვა). ტიმის ანგარიშზე 13 ბრეიკ-პოინტი და ექვსი ბრეიკი იყო.
ავსტრიელის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს ყოფილი მერვე ნომერი ჯეკ სოკი იქნება, რომელმაც სამ სეტში მოუგო თანამემამულე რაილი ოპელკას. ტიმი სოკს ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს.