„როლან გაროსი“ 2019 - რაფაელ ნადალმა „როლან გაროსზე“ 90-ე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში იოლად გავიდა
„როლან გაროსი“ 2019 - რაფაელ ნადალმა „როლან გაროსზე“ 90-ე მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში იოლად გავიდა

როჯერ ფედერერის შემდეგ, „როლან გაროსის“ მამაკაცთა ტურნირის მეოთხედფინალში იოლად გავიდა მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი. ესპანელი მერვედფინალში ხვდებოდა არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს, რომელმაც პირველ წრეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოთიშა ბრძოლას. ორ საათსა და 16 წუთში ნადალმა 6:2, 6:3, 6:3 მოიგო.

პირველი სეტის პირველივე გეიმში ლონდეროს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ შეძლო. ამის შემდეგ, არგენტინელი კიდევ მხოლოდ ორჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ერთი შანსი გამოიყენა, ოღონდ მაშინ, როცა ნადალი მესამე სეტს ორმაგი ბრეიკით იგებდა.

თავად ნადალმა 12-დან ექვსი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო. ესპანელს პირველ მოწოდებაზე შესანიშნავი მაჩვენებელი ჰქონდა – 71 პროცენტი სიზუსტე და 74 პროცენტი რეალიზაცია. რაფამ 40 „ვინერსითა“ და მხოლოდ 25 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

ესპანელისთვის ეს იყო 90-ე მოგება „როლან გაროსზე“.

ნადალი მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორსა და ფრანგ ბენუა პერს შორის მოგებულს შეხვდება.