როლან გაროსი 2019 - ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალის საგზური საათნახევარში მოიპოვა
კვლავაც უსენსაციოდ მიმდინარეობს „როლან გაროსზე“ მამაკაცთა ტურნირი. მორიგი ფავორიტი, რომელმაც მეოთხედფინალში გააღწია, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია. მსოფლიოს პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს მიბაძა და მანაც იოლად მოიგო მერვედფინალური შეხვედრა.
ჯოკოვიჩი მსოფლიოს 45-ე ჩოგანს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს ხვდებოდა და საათსა და 36 წუთში ანგარიშით 6:3, 6:2, 6:2 მოიგო.
პირველ პარტიაში სერბმა ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ეს იკმარა სეტის მოსაგებად. მეორე და მესამე სეტები კი ერთნაირად წარიმართა – ორივეში ნოვაკი ანგარიშით 4:0 დაწინაურდა და ამის შემდეგ მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე.
ჯოკოვიჩი, ჯერჯერობით, სეტის წაუგებლად წინ მიიწევს. მისი შემდეგი მეტოქე გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და იტალიელ ფაბიო ფონინის შორის მოგებული იქნება.
სხვათა შორის, სერბი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც „როლან გაროსის“ მეოთხედფინალში ზედიზედ მეათედ გააღწია.