როლან გაროსი 2019 - ჯოკოვიჩი, ზვერევი და ტიმი 1/16 ფინალში გადავიდნენ
მამაკაცების ტურნირზე მეხუთე სათამაშო დღეს „როლან გაროსის“ ფავორიტები უპრობლემოდ გავიდნენ 1/16 ფინალში.
მხოლოდ 93 წუთი დასჭირდა ნოვაკ ჯოკოვიჩს შვეიცარიელი ჰენრი ლააკსონენის დასამარცხებლად – 6:1, 6:4, 6:3. სერბმა ათიდან ექვსი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო. მესამე რაუნდში ჯოკოვიჩი შეხვდება მსოფლიოს 147-ე ჩოგანს, იტალიელ სალვატორე კარუზოს, რომელმაც, მოულოდნელად, 6:1, 6:2, 6:4 გაანადგურა გამოცდილი ფრანგი ჟილ სიმონი.
მხოლოდ მეორედ როლან გაროსზე გამოსვლის ისტორიაში, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა სამ სეტში მოიგო შეხვედრა. ის შვედ მიკაელ იმერს ხვდებოდა და პირველი ორი სეტის იოლად აღების შემდეგ, მესამეში 5:3-დან გადააყვანინა ტაი-ბრეიკში სეტი მეტოქეს და იქ მოამთავრა საქმე – 6:1, 6:3, 7:6(3). ზვერევი 1/16 ფინალში სერბ დუშან ლაიოვიჩს შეხვდება, რომელიც ცოტა ხნი წინ, მონაკოს “მასტერსის” ფინალში იყო გასული.
შარშანელმა ფინალისტმა დომინიკ ტიმმა 50-ე მატჩი მოიგო “დიდი სლემის” ტურნირებზე. ავსტრიელს ორსაათნახევარი დასჭირდა ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკის დასამარცხებლად – 6:3, 6:7(6), 6:3, 7:5. დიდი იყო იმის შანსი, რომ მატჩი მეხუთე სეტში გადასულიყო, მაგრამ ბუბლიკმა ვერ შეინარჩუნა 5:2 უპირატესობა. ავსტრიელის შემდეგ მეტოქე ურუგვაელი პაბლო კუევასია.