როლან გაროსი 2019 - ფედერერი, ციციპასი და ბასილაშვილის მძლეველი მესამე წრეში გადავიდნენ
რაფაელ ნადალის მსგავსად, „როლან გაროსის“ მეორე წრეში გერმანელი მეტოქე ჰყავდა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს. ის მსოფლიოს 144-ე ჩოგანს ოსკარ ოტეს ხვდებოდა და სამ სეტში გაიმარჯვა – 6:4, 6:3, 6:4. ამისთვის მას საათი და 37 წუთი დასჭირდა. ოტემ ასე თუ ისე გაუწია წინააღმდეგობა ლეგენდას. საინტერესოა, რომ მეტოქეებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ – ოთხ-ოთხი, მაგრამ აქედან ფედერერმა სამი შანსი გამოიყენა, ოტემ – ვერცერთი.
შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველმა ხუან იგნასიო ლონდერომ მეორე მატჩიც მოიგო – ამჯერად, გამოცდილი ფრანგი რიშარ გასკე დაამარცხა ოთხ სეტში – 6:2, 3:6, 6:3, 6:4 და პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის მესამე წრეში. მისი მეტოქე, მოულოდნელად, ფრანგი თინეიჯერი კორენტენ მუტე გახდა, რომელმაც მე-19 ნომრად განთესილი არგენტინელი გვიდო პეია დაამარცხა – 6:3, 6:1, 2:6, 7:5. სხვათა შორის, პეიას როლან გაროსამდე ამ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი ჰქონდა მოგებული გრუნტზე.
ასევე პირველად ითამაშებს როლან გაროსის მესამე წრეში ბერძენი ფავორიტი სტეფანოს ციციპასი. მას სერიოზული ბრძოლა მოუხდა ბოლივიელ უგო დელიენთან, რომელიც „დიდი სლემის“ სადებიუტო ტურნირს ატარებდა. სამხრეთამერიკელმა მოიგო პირველი სეტი და მეოთხეში ანგარიშით 4:2 იყო დაწინაურებული, მაგრამ მეხუთე სეტამდე ვერ მივიდა.