საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა ავსტრალიელი ეშლი ბარტი, რომელმაც არ მისცა საშუალება ამერიკელ მედისონ კისს, ზედიზედ მეორედ გასულიყო „როლან გაროსის“ ნახევარფინალში. ბარტიმ 69 წუთში, ორ სეტში მოიგო – 6:3, 7:5.
პირველი პარტიის პირველმა შვიდმა გეიმმა ბრეიკ-პოინტების გარეშე ჩაიარა, მერვეში ბარტიმ სეტში პირველი და ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ის გამოიყენა, რის შემდეგაც, სეტზე ჩააწოდა.
მეორე სეტის პირველი ნახევარიც უბრეიკო იყო. ამის შემდეგ, ბარტიმ მეორე ბრეიკი შეასრულა, მაგრამ 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო. თუმცა, ეს მეორე ჯერზე მაინც გამოუვიდა, როცა ისევ ბრეიკით დაწინაურდა და შემდეგ, მე-12 გეიმი “მშრალი” ანგარიშით მოიგო.
იმ ჩოგბურთელთაგან, რომლებიც ქალთა ტურნირს შემორჩნენ, ბარტის ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი აქვს – მერვე. ის ნახევარფინალში ამანდა ანისიმოვას შეხვდება. ეს მოთამაშეები პირველად არიან “დიდი სლემის” ტურნირის ნახევარფინალში.
მეორე ნახევარფინალში ბრიტანელი იოჰანა კონტა და ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა ითამაშებენ.
ქალთა ნახევარფინალები პარასკევს გაიმართება.