ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ძალიან დამაჯერებლად გააღწია „როლან გაროსის“ ნახევარფინალში. მას სულ რაღაც საათი და 50 წუთი დასჭირდა რუსი კარენ ხაჩანოვის გასანადგურებლად – 6:2, 6:4, 6:2 და ახლა ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში.
ხაჩანოვი, რომელმაც წინა ეტაპზე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა, უშანსოდ იყო ავსტრიელის წინააღმდეგ. ტიმმა ერთ ბრეიკ-პოინტამდეც კი არ მიუშვა მეტოქე და 37 შეცდომა დააშვებინა. თავის მხრივ, ავსტრიელი ძალიან საიმედო იყო – მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დააგროვა და ამასთან, შეტევაც კარგად გამოსდიოდა, რაზეც 29 „ვინერსი“ მეტყველებს. თითქმის უნაკლოდ მუშაობდა პირველი მოწოდება, რომელზეც ტიმმა მხოლოდ ცხრა გათამაშება წააგო. ავსტრიელმა ჯამში რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო ხაჩანოვის მოწოდება.
ტიმი შესანიშნავად გამოიყურება გრუნტის სეზონზე. მან მადრიდის „მასტერსზე“ ნახევარფინალამდე მიაღწია, მოიგო ბარსელონის ტურნირი, რაფაელ ნადალი დაამარცხა და ახლა უკვე „როლან გაროსის“ ნახევარფინალშია.