საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ფარგლებში 30 მაისს საქართველოში კონცერტს როკბენდი Guns N’ Roses-ი გამართავს.
ინფორმაციას „ბლექ სი არენის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„Guns N’ Roses-ი ლოს ანჯელესში დაარსებული როკბენდია, რომელიც უკვე 40 წელია, როკმუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივშოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ტურნეები კიდევ ვერ გამოხატავს იმ მემკვიდრეობას, რომელსაც Guns N’ Roses-ის შემოქმედება იტევს. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ნაწილი მალე საქართველოც გახდება და ეს დიდი ამბების მხოლოდ დასაწყისია“, – ნათქვამია „ბლექ სი არენის“ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბილეთების Pre Sale მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 18 იანვრის 11:00 საათიდან TKT.ge-ზე მოხდება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 20 იანვრის 11:00 საათიდან დაიწყება.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია „ბლექ სი არენის“ ინფორმაციაში.