როჯერ ფედერერის რეკორდები და ცხოვრების წესები
როჯერ ფედერერის რეკორდები და ცხოვრების წესები

2016 წელს, როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო ნახევარ წელზე მეტი გამოტოვა, 2017 წელს დაბრუნდა და დიდებული სეზონი ჩაატარა.

მოიგო “დიდი სლემის” ორი ტურნირი, მეთხუთმეტედ (რეკორდი) ითამაშა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, თუმცა, ვერ შეძლო მსოფლიოს პირველი ნომრის სტატუსის დაბრუნება და მეორეა რაფაელ ნადალის შემდეგ.

2018 წელი კი მან ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით დაიწყო.

წელს, როჯერს იუბილე აქვს – 20 წელი პროფესიულ ჩოგბურთში. ამ დროის მან განმავლობაში, ფენომენალური რეკორდების დაამყარა:

1. ავსტრალიის ღიას ფინალში მარინ ჩილიჩის 5 სეტში ძლევის შემდეგ, როჯერ ფედერერი “დიდი სლემის” ტურნირების 20-გზის გამარჯვებული გახდა. ეს შედეგი საუკეთესოა პროფესიული ჩოგბურთის ისტორიაში მამაკაცებისთვის. 16 ტიტული აქვს ესპანელ რაფაელ ნადალს, 14 – ამერიკელ პიტ სამპრასს, 12 – სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

2. თუ აბსოლუტურ ჩათვლას ავიღებთ, ფედერერზე წინ არიან ქალები: ამერიკელი სერენა უილიამსი (23 ტიტული), გერმანელი შტეფი გრაფი (22 ტიტული). აგრეთვე, ავსტრალიელი მარგარეტ კორტი, რომელსაც “დიდი სლემის” 24 ტიტული აქვს, მაგრამ აქედან 11 – მოყვარულის სტატუსით მოიგო.

3. 20 “სლემიდან” ყველაზე მეტი ფედერერმა უიმბლდონზე მოიგო – რვა. ავსტრალიაში ექვსჯერ გაიმარჯვა, ამერიკის ღიაზე – ხუთჯერ, როლან გაროსზე – მხოლოდ ერთხელ.

4. ავსტრალიის ღიაზე მოგებების რაოდენობით, ფედერერი პირველ ადგილს იყოფს ჯოკოვიჩთან და როი ემერსონთან, რომელიც “ღია ერამდე” გამოდიოდა.

5. სულ კარიერაში შვეიცარიელს “დიდი სლემის” 30 ფინალი ჰქონდა და ესეც რეკორდია ჩოგბურთის ისტორიაში. მოგება-წაგების მაჩვენებელიც ბრწყინვალეა – 20 მოგება და 10 წაგება.

6. ფედერერს ავსტრალიაში მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული ფინალი – 2009 წელს რაფაელ ნადალის წინააღმდეგ. აშშ-ის ღიაზე მან ორი გადამწყვეტი მატჩი წააგო, უიმბლდონზე – სამი, როლან გაროსზე – ოთხი (ოთხივე ნადალთან).

7. 20 მოგებული ფინალიდან ფედერერს მხოლოდ ოთხჯერ დასჭირდა ხუთი სეტის თამაში. 10 ფინალში მან არც ერთი სეტი არ მისცა მეტოქეებს.

8. ახლა, ფედერერი მეორე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, ვისაც “დიდი სლემის” ტურნირი მოუგია. თავისი მეოცე ტრიუმფის დღეს, შვეიცარიელი 36 წლის, 5 თვისა და 20 დღის იყო. რეკორდსმენი კენ როზუოლია, რომელმაც 1972 წელს, ავსტრალიის ღია პირველობა 37 წლის, 2 თვისა და 2 დღის ასაკში მოიგო. როჯერს ამ რეკორდის გაუმჯობესება მომდევნო წელს, მელბურნში შეუძლია.

9. წლევანდელი ფინალი – 332-ე მოგებული მატჩი იყო ფედერერისთვის “დიდი სლემის” ტურნირებზე. ესეც რეკორდია. სულ შვეიცარიელს 384 მატჩი აქვს მოგებული ოთხივე ტურნირის ძირითად ბადეში.

10. ავსტრალიის ღიას მოგებისთვის, ფედერერმა 3.24 მილიონი დოლარი მოიპოვა. ამით როჯერმა გაიმყარა ლიდერობა ჩოგბურთელებს შორის – კარიერაში გამომუშავებული თანხის ოდენობით. შვეიცარიელის მონაგარი 115 მილიონ დოლარს აჭარბებს.
* * *
რითი ცხოვრობს და როგორც პოულობს აღმაფრენას ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი? ამაზე ნაწილობრივ გაგვცემს პასუხს ძველი ინტერვიუებიდან შვეიცარიელის პასუხები…

“ჩემი მშობლები მაძლევდნენ ცხოვრების საშუალებას, მაძლევდნენ სივრცეს, რომელიც განვითარებისთვის მჭირდებოდა. და დღეს, იგივეს ვხედავ ჩემს გოგონებთან დაკავშირებით. მუდმივად ვცდიდი ჩემი მშობლების მოთმინებას და ამჯერად, ჩემი ბავშვები მე მიკეთებენ იგივეს. ასეთ სიტუაციაში ან უნდა “დაახრჩო” ისინი, ან გარკვეული თავისუფლება მისცე. თუ მათ იციან ზღვარი თავისუფლებასა და აკრძალვას შორის, ყველაფერი კარგად იქნება”.

“ადრე ძალიან ემოციური ვიყავი. შევძლებდი თუ არა მოგებას, ასეთად რომ დავრჩენილიყავი? ჯამში “დიდი სლემის” 17 ტურნირი მოვიგე, ასე რომ, რაც არ უნდა “დარტყმული” ვყოფილიყავი, რამდენიმე ტიტულს გამოვკრავდი ხელს. თუმცა, არ ვიცი. ასეთი გამარჯვებებისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური მდგრადობა, ფიზიკური ძალა და სტაბილურობა. მე ეს თვისებები არ მქონდა. ასე რომ, ამაყი ვარ საკუთარი თავის შეცვლა რომ შევძელი”.

“მეუღლის გარეშე ვერ შევძლებდი მოგებას. თუ ის მეტყვის: “აღარ მინდა მოგზაურობა”, მე ვუპასუხებ: “კარგი, ჩემი კარიერა დასრულებულია”. ყველაფერი მარტივადაა. ჩემი მეუღლე – წარმატების გასაღებია”.

“ჩემი ზრდილობა? ეს, ალბათ, შვეიცარიიდან მოდის. შენ არ შეგიძლია სკამზე იჯდე ტრამვაიში, როცა ხანშიშესული ფეხზე დგას. ეს თავისთავად იგულისხმება”.

“კარიერის დასაწყისში, როცა სერიოზულ დონეზე თამაშს იწყებ, ცდილობ თავი წარმოაჩინო მებრძოლად, მკაც და საქმეზე კონცენტრირებულ მამაკაცად, მაგრამ, დროთა განმავლობაში, სულ უფრო ნაკლებად თამაშობ და ხდები ის, ვინც ხარ რეალურად. ამიტომაც თამაშობენ დღეს უფრო დიდხანს. ადრე ყველანი ძალიან სერიოზულები იყვნენ და მცირედის გამო ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ხოლო, რა არის სასიამოვნო იმაში, როცა 50 ადამიანი ვერ გიტანს?”

“კვნესა კორტზე? ადრე ასეთი რამ არ იყო, დღეს კი ყველა კვნესის. მე ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია, რადგან ეს კონცენტრაციას მაკარგვინებს. გარკვეულ მომენტამდე ეს ასატანია, მაგრამ არა მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხმამაღალი ხდება ან გადამწყვეტ მომენტებში. მაშინ, ეს უკვე არასპორტული საქციელია”.

“ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩოგბურთისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე ადრე, მაგრამ შეგრძნებები სხვანაირია. ადრე მე ოცნებას მივსდევდი, დღეს კი ვცხოვრობ ოცნებით და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ძველებურად შემიძლია ეს ვაკეთო. ეს საოცარი გრძნობაა”.

“პენსიაში ჩემს გასვლაზე საუბრები 2009 წლიდან მესმის, როცა როლან გაროსი მოვიგე. მაშინ ყველამ დაიწყო: “მორჩა, რაღა საჭიროა თამაში?” მე ვამბობდი: “ბიჭებო, რას ამბობთ?!” თქვენ არ გესმით, რომ ჩოგბურთი – უდიდესი სიამოვნებაა?!