„რეიტერის“ კვლევით, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში ბერნი სანდერსი დაწინაურდა

12:36, 17.01.2020

„რეიტერის“ კვლევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში ბერნი სანდერსი დაწინაურდა.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის დასაწყისში, ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსის პოპულარობა რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის იზრდება.

ონლაინგამოკითხვის შედეგად, „დემოკრატიული პარტიის“ ამომრჩევლების 20 პროცენტი მზად არის, საპრეზიდენტო კანდიდატად ბერნი სანდერსის წარდგენას დაუჭიროს მხარი, 19 პროცენტი კი ჯო ბაიდენის კანდიდატურას ემხრობა. 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ ტრამპის კონკურენტი ელიზაბეთ უორენი უნდა იყოს, 9 პროცენტს კი ხმას ნიუ იორკის ყოფილ მერ, მაიკლ ბლუმბერგს აძლევს.

ამავე კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ ყოველი მეხუთე ამომრჩეველს ფავორიტი ჯერ არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში უნდა გაიმართოს.

მსგავსი