„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურა
უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მარცვლეულის საცავებზე მიტანილი იერიშების შესახებ მეტყველებს აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათები.
სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ საცავებზე. მისი მონაცემებით, ასეთი დარტყმების შედეგად დაზიანებულია მარცვლეულის სულ მცირე ექვსი საცავი.
2020-2021 წლებში უკრაინა მსოფლიოში ხორბლის სიდიდით მეოთხე ექსპორტიორი იყო.
„მარცვლეულის ამ საცავებზე რუსეთის უგუნური თავდასხმა იმის ნათელი მაგალითია, რომ პუტინის ომი პირდაპირ აზარალებს უკრაინაში მოქალაქეებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას. ვინაიდან აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე, სურსათის ამ მარაგებისა და საწყობების განადგურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დეფიციტი და ფასების ზრდა ისედაც მოწყვლადი ეკონომიკის ქვეყნებში“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „როიტერთან“.