„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთში ეწინააღმდეგებიან სანქციებს, რადგან მათი ეფექტი მთელ მსოფლიოზე გავრცელების რისკს შეიცავს
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთში აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად არ უვლიან გვერდს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ლუტონგის თქმით, პეკინი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით გლობალურ ეკონომიკას ეხმარებოდა.
„ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული მხარე. არ მიგვაჩნია, რომ ამან გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს ნორმალურ ვაჭრობაზე რომელიმე სხვა ქვეყანასთან. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სანქციებს და ამ სანქციების ეფექტიც მთელ მსოფლიოზე გავრცელების რისკს შეიცავს, რომელიც მიგვიყვანს სავალუტო ომებამდე, ვაჭრობისა და ფინანსურ ომებამდე, ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებს მიწოდებისა და ინდუსტრიულ ჯაჭვს, გლობალიზაციას და ეკონომიკურ წესრიგსაც“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპის ბიზნეს სექტორი ყურადღებით აკვირდება ჩინეთის ქმედებებს.