„როიტერის“ ცნობით, ღაზაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსია კატარელმა მედიატორებმა ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს გადასცეს
ღაზაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსია კატარელმა მედიატორებმა ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს გადასცეს მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მომდევნო 24 საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება შეთანხმების მისაღწევად“, – ციტირებს სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ მაღალჩინოსანს.
დოჰაში გამართულ შეხვედრას ამერიკის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე მოსადისა და შიდა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და კატარის პრემიერ-მინისტრი.
უკვე წელიწადზე მეტია, აშშ, კატარი და ეგვიპტე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ.
„ჰამასი“ ღაზიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების სრულად გასვლას მოითხოვდა, ისრაელის მხარე კი აცხადებდა, რომ „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე ტერიტორიას არ დატოვებდა. შედგება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.