„როიტერის“ ცნობით, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გაორმაგების შემდეგ ინდოეთი ამერიკული შეიარაღებისა და თვითმფრინავების შესყიდვის გეგმას აპაუზებს, ინფორმაციას ინდოეთში სიცრუეს უწოდებენ
ინდოეთი აპაუზებს ამერიკული შეიარაღებისა და თვითმფრინავების შესყიდვის გეგმას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 აგვისტოდან ქვეყანას 25%-იანი ტარიფები გაუორმაგა და ეს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ერთგვარ სასჯელად შეაფასა.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს კვირებში ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნათ სინგჰი ამერიკული შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებით ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა ახლა ეს ვიზიტი გაუქმებულია.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ინდოეთს აშშ-ისგან ექვსი ერთეული „ბოინგიც“ უნდა შეეძინა ჯამური ღირებულებით 3.6 მილიარდი დოლარი და ამ საკითხზე მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზე იყო.
„როიტერის“ მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ინდოეთმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სიცრუეა შეიარაღების რეალიზაციის გეგმების შეჩერებასთან დაკავშირებით ცნობა.