„როიტერი“ – წყაროების ცნობით, აშშ და რუსეთი ევროპისთვის გაზის მიყიდვის საკითხს განიხილავენ
სააგენტო „როიტერი“ ხუთ ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისა და აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ პროექტში ამერიკელი ინვესტორის ჩართვის საკითხზე იმსჯელეს.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი კირილ დიმიტრიევი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
კირილ დიმიტრიევი და ჯარედ კუშნერი ბოლო კვირებში მოსკოვსა და ნიუ იორკში შეხვდნენ. სააგენტოს ორი წყაროს ინფორმაციით, უცნობია, რამდენად განიხილეს მათ ამ შეხვედრების დროს „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკითხი, თუმცა თემა კვლავ დღის წესრიგშია.
„როიტერის“ ცნობით, კუშნერი ბიზნესშეთანხმებებს მშვიდობის აღდგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად არის დაინტერესებული ვაშინგტონი გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლებით.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, არსებული დაბრკოლებების გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
თეთრ სახლში მედიის შეკითხვის პასუხად განაცხადეს, რომ რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების საკითხი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან (DFC) და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტთან უნდა შეთანხმდეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა.
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა „როიტერთან“ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები და რუსული გაზი ევროპაში სანქცირებულია და გერმანიამ რუსული გაზის ალტერნატიული წყაროები უკვე იპოვა. მისი თქმით, გაზსადენების ხელახლა ამოქმედებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თუმცა ამის სურვილი არ არსებობს.
„როიტერის“ ინფორმაციით, კუშნერი და დიმიტრიევი ასევე განიხილავდნენ რუსული ენერგოკომპანიის, „ლუკოილის“ კუთვნილი არაერთი აქტივის გაყიდვას, მათ შორის ევროპასა და სხვა რეგიონებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისა და ავტოგასამართი სადგურების.