„როიტერი“ - თურქეთში, შვედეთის საკონსულოს შენობის წინ საკონსულოს თურქი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
„როიტერი“ - თურქეთში, შვედეთის საკონსულოს შენობის წინ საკონსულოს თურქი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თურქეთში, ქალაქ იზმირში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, იზმირის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარის გამო დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აგრის პროვინციაში.

პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრება. მათივე განცხადებით, მჭიდრო დიალოგს აწარმოებენ სტამბოლში, გენერალურ საკონსულოსთან და მის თანამშრომლებთან თურქეთში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ უწყება არ გააკეთებს დამატებით კომენტარს „დიპლომატიური სამსახურისთვის საფრთხეზე ან უსაფრთხოების ზომების მიღებაზე“.