„როიტერი“ - ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთმა აშშ-ს გადასცა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მშვიდობის მისაღწევად დასახელებულ წინაპირობებს იმეორებს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის წინ კვირაში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთმა აშშ-ს გადასცა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც მოსკოვმა მშვიდობის მისაღწევად წინაპირობები კიდევ ერთხელ გაიმეორა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტო სამ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ისთვის გაგზავნილ პირად კომუნიკეში რუსეთი მთელი დონბასის რეგიონზე კონტროლის აღებას ითხოვს, რაც უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზებას, რომ კონფლიქტი არსებული ფრონტის ხაზით გაიყინოს.
„როიტერი“ დოკუმენტში შესულ სხვა მოთხოვნებს არ ასახელებს და აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოსკოვი მოთხოვნებს არ ცვლის და ადრე გაცხადებულ წინაპირობებს იმეორებს.
ცნობისთვის, მანამდეც მედია წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების წინაპირობად დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება მოითხოვა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი ამ პოზიციას იზიარებდა და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებდა, დონბასი რუსეთისთვის გადაეცა. თუმცა მოგვიანებით, ტრამპმა ეს ცნობა უარყო და აღნიშნა, რომ, ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და „დონბასი უნდა გაიყოს“.