„როიტერი“ – ტრამპის დონორს, რომელიც კავკასიის საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობს, სომხეთში მსხვილი აქტივები აქვს და წარსულში რუსეთში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა

16:52, 15.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კავკასიაში 201 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად შერჩეული ბიზნესმენი რეგიონში მსხვილ სატელეკომუნიკაციო და სამთომოპოვებით აქტივებს ფლობს. წარსულში ის რუსეთზე ორიენტირებულ საინვესტიციო კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც კრემლთან მჭიდრო კავშირებით იწონებდა თავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

საუბარია რუსეთში დაბადებულ 51 წლის ბიზნესმენზე, კონსტანტინ სოკოლოვზე, რომელიც საინვესტიციო სტრუქტურის ხელმძღვანელად იანვარში დაინიშნა.

„როიტერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სოკოლოვი სომხეთის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ Viva Armenia-ში მნიშვნელოვან წილს ფლობს. მიმდინარე წლის დასაწყისში მან ასევე შეიძინა სომხეთის სპილენძისა და მოლიბდენის სიდიდით მეორე საბადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობისგან სპეციალური ნებართვა მიიღო.

„როიტერი“ წერს, რომ, ექსპერტის შეფასებით, სოკოლოვის ბიზნესსაქმიანობა ინტერესთა კონფლიქტს ქმნის, რადგან მისი თანამდებობა საშუალებას აძლევს, განკარგოს აშშ-ის სახელმწიფო სახსრები, რომლებმაც შესაძლოა, მის კომპანიებს სარგებელი მოუტანოს. ამასთან, როგორც „როიტერი“ იუწყება, აშშ-ის კანონმდებლობა, რომელიც ასეთ საინვესტიციო ფონდებს არეგულირებს, დირექტორებს იმ რეგიონებში ინვესტიციების ფლობას არ უკრძალავს, სადაც ფონდებს საქმიანობა უწევთ.

სოკოლოვის კერძო საინვესტიციო კომპანიის, IJS Investments-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფონდს ეკრძალება სოკოლოვის რომელიმე ბიზნესში ინვესტიციების დაბანდება და რომ სოკოლოვმა „ყველა სათანადო შემოწმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნა“ შეასრულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საწარმოთა ფონდი ყოველწლიური ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი აუდიტის მოთხოვნებს შეასრულებს, ასევე დაიცავს გრანტების გაცემის მოქმედ პირობებს, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

სოკოლოვი იმ 37 კორპორაციულ და ინდივიდუალურ დონორს შორის იყო, რომელთა სია გასულ წელს თეთრმა სახლმა ტრამპის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სამეჯლისო დარბაზის პროექტის დასაფინანსებლად გამოაქვეყნა. აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მას რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ჯგუფებისთვის დაახლოებით 13 მილიონი დოლარის ოდენობით შემოწირულობა აქვს გადარიცხული.

როგორც „როიტერი“ წერს, ტრანსკასპიური ფონდი აშშ-ის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სავაჭრო მარშრუტებისა და ინვესტიციების განვითარებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივამ, შესაძლოა, შეამციროს რეგიონის დამოკიდებულება რუსეთისა და ჩინეთის ინფრასტრუქტურაზე. სოკოლოვის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდის საბჭოს შეუძლია გრანტების გაცემა, სესხების გამოყოფა და ინვესტიციების განხორციელება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ფონდის ვებგვერდზე მთავარ საინვესტიციო პრიორიტეტებს შორის დასახელებულია კრიტიკული მინერალები, ენერგეტიკა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი