„როიტერი“ – ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტების მხარდამჭერი ევროპული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამა ფრანგულ ჯგუფებს დაფინანსებას არ გამოუყოფს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტების მხარდამჭერი ევროპული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ამერიკული საგრანტო პროგრამა ფრანგულ ჯგუფებს დაფინანსებას არ გამოუყოფს, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ეს, შესაძლოა, საფრანგეთის არჩევნებში უცხოური ჩარევის რისკს აჩენდეს. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხების ბიუროს საგრანტო პროგრამა ორგანიზაციებისთვის ერთიდან სამ მილიონ დოლარამდე დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამის მიზანია ევროპაში „დემოკრატიული მდგრადობის, კანონის უზენაესობის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და განვითარება“.
„როიტერის“ მიხედვით, საფრანგეთში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის გაზაფხულზე გაიმართება, იზრდება შეშფოთება კენჭისყრაში აშშ-ის შესაძლო ჩარევის გამო, მათ შორის, არსებობს ვარაუდი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები განსაკუთრებით შეშფოთებულნი იყვნენ, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქმიანობა, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოსულიყო საფრანგეთის კანონპროექტთან, რომელიც ინტერნეტში დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტს ამჟამად საფრანგეთის სენატი განიხილავს. მანამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან მოელის მთავრობასთან თანამშრომლობას საპრეზიდენტო კამპანიაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად.