„როიტერი“ - ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ უახლოეს თვეებში უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, ვერ შედგეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა დაიწყეს იმის აღიარება, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ვერ მიაღწიოს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმებას უახლოეს თვეებში. ისინი ამუშავებენ ახალ გეგმებს როგორც კიევზე, ისე მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები მიზნად ისახავდნენ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას აპრილამდე ან მაისამდე, ხოლო გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადება მომდევნო თვეებში იგეგმებოდა.
თუმცა, როგორც სააგენტოს წყაროები ამბობენ, არცერთი ეს შეთანხმება რეალობასთან ახლოს არ ჩანს.
მედიას წყაროები უყვებიან, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლას.
თუმცა, წყაროების ცნობით, ბოლო დღეებში ამერიკელი მაღალჩინოსნები მოსკოვით უფრო მეტად იმედგაცრუებულნი არიან.
„როიტერის“ ინფორმაციით, გასულ კვირას გამართული შეხვედრებისა და სატელეფონო ზარების დროს თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მცდელობებს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ. მათ განიხილეს, თუ რა ეკონომიკურმა ან დიპლომატიურმა სანქციებმა შეიძლება აიძულოს რუსეთი, რომ შეთანხმება დადოს.