„როიტერი“ – ტრამპის ადმინისტრაციამ შეამცირა სამხედრო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, რომლის ყველაზე მსხვილი მიმღებიც უკრაინა იყო
აშშ-მა რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებას დაფინანსება შეუმცირა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის დასაწყისიდან სამხედრო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება ათეულობით მილიონი დოლარით შეამცირა.
2022 წლიდან ამ მიზნებისთვის აშშ-მა სულ 283 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო, ხოლო ყველაზე მსხვილ მიმღებს უკრაინა წარმოადგენდა.
ტრამპის დროს განხორციელებული შემცირებები უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე მომუშავე პროექტების დაახლოებით ნახევარს შეეხო.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ანალოგიური პროგრამები, რომლებზეც 2022 წლიდან ამერიკული დაფინანსების არანაკლებ 40% მოდიოდა, დაიხურა ან განახლების გარეშე დასრულდა.
ამასთან, დაზარალდა უკრაინული ორგანიზაცია Truth Hounds-ი, რომელიც 2014 წლიდან სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ბიუჯეტის შემცირების გამო ორგანიზაციას თანამშრომლების გათავისუფლება და პროექტის შეჩერება მოუწია.
ასევე, უკრაინაში ახლა ათობით უცხოელი ექსპერტი ვეღარ ჩადის, ვინც ბრძოლის ველზე მტკიცებულებების შეგროვებასა და ანალიზში ეხმარებოდა ადგილობრივ ექსპერტებს.
დაფინანსება ასევე შეუმცირდა იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიასაც. გამოძიებები ხელს უწყობდა ომის მიმდინარეობისას საბრძოლო მოქმედებების ზონებში ან რუსეთის მიერ უკრაინული დასახლებების ოკუპაციის დროს გაუჩინარებული ბავშვების მდებარეობის დადგენას. ლაბორატორიის ხელმძღვანელობის თქმით, საჭირო სახსრები უკვე აგვისტოში ამოიწურება, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რვა მილიონი დოლარის გამოყოფა შეაჩერა.